საერთაშორისო კოსმოსური სამართალი
საერთაშორისო სამართლის იმ ნორმათა ერთობლიობა, რომლებიც არეგულირებენ საჰაერო სივრცის მიღმა არსებული უჰაერო სივრცის სამართლებრივ რეჟიმს. ამ დარგის ჩამოყალიბებას დასაბამი მისცა სსრ კავშირის მიერ დედამიწის პირველი თანამგზავრის გაშვებამ კოსმოსში (1957), რასაც აშშ–ის თანამგზავრის გაშვება მოჰყვა. დღეისათვის მოემედებს მრავალმხრივი და ორმხრივი ხელშეკრულება, რომლებიც დეტალურად არეგულირებენ კოსმოსური სივრცის სტატუს. ამ სივრცის, ანუ თანამგზავრთა ორბიტების ქვედა საზღვრად მიჩნეულია 110–120 კილომეტრის სიმაღლე დედამიწიდან. კოსმოსის გამოყენება იმავე პრინციპზე დაყრდნობით, რომლითაც საჰაერო სივრცე რეგულირდება, შეუძლებელია, თუნდაც იმიტომ, რომ ფიზიკურად ვერ ხერხდება მისი ზონებად დაყოფა დედამიწის ბრუნვისა და კოსმოსური ფრენის კანონზომიერებათა გამო. ამასთან ტექნიკის თანამედროვე განვითარება საშუალებას იძლევა, კოსმოსი გამოყენებულ იქნეს არა მარტო კაცობრიობისათვის საჭირო სამეცნიერო მიზნებით, არამედ სამხედრო მიზნებითაც, რაც კოსმოსური სივრცის სამართლებრივი რეგულირების აუცილებლობას გვიკარნახევს. საერთაშორისო სამართალი ვრცელდება კოსმოსურ სივრცესა და ციურ სხეულებზე. კოსმოსური სივრცე და ციური სხეულები საერთაშორსიო სამართლებრივი ნორმების შესაბამისად, ღია გამოკვლევებისა და გამოყენებისათვის და არ შეიძლება მითვისებული იქნეს რომელიმე სახელმწიფოს მიერ; კოსმოსური სივრცის გამოკვლევა და გამოყენება ხორციელდება მთელი კაცობრიობის ინტერესების შესაბამისად და მის საკეთილდღეოდ; კოსმოსური სივრცე ღიაა გამოკვლევებისა და გამოყენებისათვის ყველა ქვეყნის თანასწორობის პრინციპის დაცვით; კოსმოსური სივრცის გამოკვლევა და გამოყენება უნდა ხორციელდებოდეს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვის, საერთაშორსიო თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების განვითარების ინტერესების შესაბამისად; ყოველი სახელმწიფო პასუხს აგებს კოსმოსში საქმიანობისათვის, მიუხედავად იმისა, ვინ ახორციელებს ამ საქმიანობას – სახელმწიფო თუ არასახელმწიფო ორგანოები; ასეთივე პასუხისმგებლობა ეკისრება საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც უფლებამოსილნი არიან აწარმოონ კოსმოსის გამოკვლევა; კოსმოსის გამოკვლევისა და გამოყენების დროს ყოველი სახელწიფო უნდა ითვალისწინებდეს სხვა სახელმწიფოების ინტერესებს და საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციებს ატარებდეს
დაინტერესებულ სახელმწიფოებთან; თანამგზავრები თუ სხვა კოსმოსური აპარატები და მათი ეკიპაჟები კოსმოსში ემორჩილებიან “ალმის კანონს”. 1971 წლის კონვენცია კოსმონავტების დაბრუნებისა და კოსმოსურ სივრცეში გაშვებული ობიექტების დაბრუნების შესახებ ითვალისწინებს, რომ თუ კოსმონავთი კოსმოსში ან დედამიწაზე დაშვებისას საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, ყველა სახელმწიფომ უნდა გაუწიოს მას დახმარება და დააბრუნოს სამშობლოში; ალმის სახელმწიფოს უნდა გადაეცეს უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი კოსმოსური ობიექტი ან მისი ნარჩენები. კოსმოსური ობიექტების მიერ მიყენებული ზიანისთვის საერთაშორისო პასუხისმგებლობის შესახებ 1972 წლის კონვენციით, თუ კოსმოსური ობიექტი ან მისი ნარჩენები უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე დაეცა და იქ ზარალი ან მსხვერპლი გამოიწვია, გამშვებმა სახელმწიფომ დაზარალებულს სრული კომპენსაცია უნდა გადაუხადოს.
POWERED BY LUKA KHALADZE © 2010-2019 All Rights Reserved