საერთაშორისო სამართალი
საერთაშორისო ურთიერთობის ენაა” – ასე განსაზღვრა ნიუ-იურკში 1995 წელს ჩატარებულმა საერთაშორისო სამართლის პირველმა მსოფლიო კონფერენციამ საერთაშორისო სამართლის აზრი და მნიშვნელობა. საერთაშორისო სამართალი ცოცხალი ორგანიზმივითაა, რომელიც უწყვეტ განვითარებას და განახლებას განიცდის. საერთაშორისო სამართალი პრინციპებისა და ნორმების ერთობლიობაა, რომელიც არეგულირებს საერთაშორისო ურთიერთობებს და მის საერთაშორისო – სამართლებრივ საფუძველს ქმნის. იგი შეიძლება ხატოვნად შევადაროთ ქუჩაში მოძრაობის წესებს, სადაც ნებისმიერ დარღვევას შეიძლება მოჰყვეს კრიზისი და კატასტროფა. საერთაშორისო სამართალი – სხვადასხვა სახელმწიფოთა ეროვნული სამართლის სისტემების პარალელურად არსებული განსაკუთრებული სამართლის სისტემაა. ყოველ ისტორიულ ეტაპზე საერთაშორისო სამართალში ასახულია საზოგადოებრივი განვითარების ობიექტური ფაქტორები და არა ვინმეს სუბიექტური ნება. ამასთან ერთად, არ შეიძლება საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების ჩამოყალიბებაში პოლიტიკოსების, დიპლომატების, მეცნიერ-იურისტების როლის უარყოფა. საერთაშორისო სამართალი საერთაშორისო ურთიერთობებში მაკოორდინირებულ ფუნქციას ასრულებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, საერთაშორისო სამართლის ნორმებში ასახულია ურთიერთობის სხვადასხვა სფეროში სახელმწიფოებისათვის საყოველთაოდ მიღებული ქცევის სტანდარტები. საერთაშორისო სამართლის მარეგულირებელი ფუნქცია ვლინდება ურთიერთობის შესაბამის სფეროში სახელმწიფოთა მიერ ქცევის მკაფიო წესების დადგენაში. ამ
წესების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა სახელმწიფოთა თანაარსებობა და ურთიერთობა. საერთაშორისო სამართლის დამცველი ფუნქცია მოიცავს სახელმწიფოს კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვას. იღებს რა თავისთავზე საერთაშორისო ვალდებულებას, სახელმწიფო უზრუნველყოფს მთელ თავის ტერიტორიაზე, აგრეთვე მისი იურისდიქციის ქვეშ მყოფი ყველა ორგანოსა და პირის მიერ მის ფაქტობრივ შესრულებას. ღონისძიებათა ამ სისტემას იმპლემენტაცია ეწოდება. საერთაშორისო სამართლის იმპლემენტაცია სხვადასხვა საშუალებით მიიღწევა. სახელმწიფოს შეუძლია კონსტიტუციით აღიაროს თავის ტერიტორიაზე საერთაშორისო სამართლის ნორმების უშუალო (პირდაპირი) მოქმედება. სახელმწიფო ნორმებთან საერთაშორისო სამართლის რომელიმე დებულების განსხვავების შემთხვევაში უპირატესი ძალა საერთაშორისო სამართლის ნორმას აქვს. თუ კონსტიტუცია ამას არ ითვალისწინებს, სახელმწიფო ნაბიჯს დგამს თავის თავზე აღებულ საერთაშორისო ვალდებულებათა დებულებები გაითვალისწინოს უკვე არსებულ კანონებში ან მიიღოს ახალი კანონები და წესები. ამ მეთოდს ტრანსფორმაცია (გარდაქმნა, სახეცვლილება) ჰქვია. მრავალ სახელმწიფოში რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულება ავტომატურად ხდება ეროვნული კანონმდებლობის ნაწილი. დღეს საერთაშორისო სამართალი არეგულირებს ხალხთა შორის ურთიერთობას, ე.ი. ლაპარაკია იმაზე, რომ სახელმწიფოებს, სხვადასხვა სახელმწიფოს მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს შორის კონტაქტები (ნებისმიერ სფეროში) საერთაშორისო სამართლით უნდა დარეგულირდეს, ხოლო შიდასახელმწიფო სამართალი უზრუნველყოფს სახელმწიფოს კონკრეტულ ტერიტორიაზე საერთაშორისო სამართლის განხორციელებასა და საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და საერთაშორისო ჩვეულებების შევსებით ხელს უწყობს საერთაშორისო სამართლით განსაზღვრული უფლება-მოვალეობების უფრო ეფექტურად განხორციელებას. საერთაშორისო ურთიერთობებში ბევრი საკითხი შეიძლება გადაწყდეს პრეცედენტების საფუძველზე, პრეცედენტების ზემოქმედებით ჩნდება საერთაშორისო საჯარო სამართლის სახელშეკრულებო ხასიათის ახალი ნორმები, ასევე ყალიბდება საერთაშორისო ჩვეულებები, რომლებიც თავის მხრივ აისახება საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებში. საერთაშორისო სამართლის პრეცედენტში იგულისხმება საერთაშორისო ურთიერთობათა ამა თუ იმ კონკრეტული საკითხის გადაწყვეტა საერთაშორისო სამართლის ფარგლებში (ჩარჩოებში) და საფუძველზე, ნებისმიერი ხერხითა და საშუალებით. პრეცედენტმა შეიძლება დიდი გავლენა იქონიოს ამა თუ იმ კონკრეტულ სფეროში საერთაშორისო სამართლის განვითარებაზე. თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობათა განვითარება საშუალებას იძლევა დავასკვნათ, რომ ხელშეკრულების დადება ამა თუ იმ საკითხის გადაჭრის თაობაზე, როგორც წესი, გავლენას ახდენს სხვა სახელმწიფოებს შორის ანალოგიური საკითხის გადაწყვეტაზე.
POWERED BY LUKA KHALADZE © 2010-2019 All Rights Reserved