საქართველოს საერთაშორისო სამართლის ასოციაცია

Georgian Association of International Law

shutterstock_129132983_1080

საერთაშორისო საჰაერო სამართალი

საჰაერო სამართალი საერთაშორისო სამართლის ნაწილია, რომელიც საჰაერო სივრცის გამოყენებასთან დაკავშირებით საერთაშორისო სამართლის სუბიექტებს შორის ურთიეთობათა მარეგულირებელი სპეციალური პრინციპებისა და ნორმების ერთობლიობაა. საერთაშორისო საჰაერო სამართალი უპირატესად არეგულირებს სამოქალაქო ავიაციის საქმიანობას. ეს საქმიანობა მოიცავს საერთაშორისო ფრენებს, მგზავრებისა და ტვირთის საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვას ერთი ქვეყნიდან მეორეში. სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო რეგულარული თუ არარეგულარული ფრენები ხორციელდება ერთი მიზნით _ მგზავრებისა და ტვირთის განსაზღვრული საერთაშორისო საჰაერო მარშრუტებით გადაყვანა-გადაზიდვისათვის. მსოფლიო ეკონომიკის განვითარებაში სამოქალაქო ავიაციის როლი განსაკუთრებით დიდია. ტრანსპორტის მსოფლიო სისტემა წარმოუდგენელია ავიაციის გარეშე. მისი ნებისმიერი დროებითი გაჩერებაც კი, პრაქტიკულად ტოლფასია სტიქიური უბედურებისა, რომელიც იწვევს ქვეყნის ეკონომიკისა და ყოფის პარალიზებას. სამოქალაქო ავიაცია გვევლინება როგორც საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტი. ამ საქმიანობის შედეგად, სახელმწიფოთა შორის მათი ტერიტორიის თავზე რეგულარული და არარეგულარული საერთაშორისო ფრენების ორგანიზაციის გამო, აღმოცენდება სპეციფიკური სახელმწიფოთაშორისი საავიაციო ურთიერთობები. ასეთი ფრენების შესრულება რეგულირდება
სპეციალური აერსანავიგაციო წესებით, რომლებიც ქმნის საერთაშორისო ფრენების რეჟიმს. მისი მთავარი ამოცანაა რეგულარული და არარეგულარული ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფა ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით. საერთაშორისო ფრენები და საერთაშორისო ავიაგადაყვანა-გადაზიდვები მუდმივი და რეგულარული რომ იყოს, სახელმწიფოებს შორის მყარდება საჰაერო მიმოსვლა. ამასთან დაკავშირებით წარმოშობილი ურთიერთობები სახელმწიფოთაშორისი საავიაციო ურთიერთობების მთავარი თუ არა, მნიშვნელოვანი სფეროა. ამრიგად, საერთაშორისო საჰაერო სამართალში სახელმწიფო არის საერთაშორისო სამართლის სუბიექტი და მოქმედებს როგორც საჯარო სამართლისა და სამოქალაქო სამართლის პირი, რომელსაც საერთაშორისო ფრენებისა და საერთაშორისო ავიაგადაყვანა-გადაზიდვების სფეროში გარკვეული საჯარო-სამართლებრივი და სამოქალაქო-სამართლებრივი ინტერესები აქვს. ამ ინტერესებში შედის რეგულარული და არარეგულარული საერთაშორისო ავიაგადაყვანა-გადაზიდვების განმახორციელებელ ავიასაწარმოთა საქმიანობის სამართლებრივი ხელშეწყობა, რაც საერთაშორისო საჰაერო სამართლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დანიშნულებაა. იგი ხორციელდება არასახელმწიფოთაშორის საჰაერო ურთიერთობათა სუბიექტისათვის შემუშავებული კერძო სამართლებრივი ნორმების მეშვეობით. ამ თვალსაზრისით, საერთაშორისო საჯარო საჰაერო სამართალი საერთაშორისო კერძო საჰაერო სამართლის განვითარების ხელშეწყობის ამოცანას ასრულებს. საქართველოს საჰაერო სამართალი – საჰაერო სივრცით სარგებლობასთან დაკავშირებული ურთიერთობების მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების ერთობლიობაა. იგი მოიცავს შიდასახელმწიფოებრივ და საერთაშორისო ნორმებს, მისი ძირითადი დებულებაა სახელმწიფოს ტერიტორიის (ტერიტორიული წყლების ჩათვლით) თავზე არსებულ საჰაერო სივრცეზე საქართველოს სრული და განსაკუთრებული სუვერენიტეტის აღიარება სამოქალაქო ავიაციის მსოფლიო თანამეგობრობის ანუ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მონაწილე ქვეყნების მიერ. საჰაერო სამართალი კომპლექსური ხასიათისაა: იგი შეიცავს საკონსტიტუციო სამართლის (საჰაერო სივრცის სუვერენიტეტი და ა.შ.), სამოქალაქო სამართლის (მგზავრთა გადაყვანა, ტვირთის გადატანა, გადამზიდველისა და საჰაერო ხომალდის მფლობელის პასუხისმგებლობა, საავიაციო სამუშაოების შესრულება და სხვ.), საჰაერო ტრანსპორტზე სამართალდარღვევებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის, სისხლის სამართლის (განსაკუთრებით პასუხისმგებლობა მძიმე სამართალდარღვევისათვის, მაგ. საჰაერო ხომალდის გატაცებისათვის) საკითხზე. საჰაერო სამართლის სპეციფიკა განსაზღვრა ამ ნორმების (სისხლის და ადმინისტრაციული სამართლის ნორმების გარდა) ერთ დამოუკიდებელ საკანონმდებლო აქტად – საქართველოს საჰაერო კოდექსად შეერთებამ.

Share on facebook
Facebook
Share on google
Google+
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
გადათარგმნა