საქართველოს საერთაშორისო სამართლის ასოციაცია

Georgian Association of International Law

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (იკაო) 75 წლისაა

2019 წელი საერთაშორისო საჰაერო სამართლის ფუნდამენტური და ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტის – „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ კონვენციის ხელმოწერის და მის საფუძველზე შექმნილი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის 75 წლის საიუბილეო წელია. საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის სფეროში, ამ დოკუმენტმა მიიღო საყოველთაოდ აღიარებული და გავრცელებული სახელი 1944 წლის ჩიკაგოს კონვენცია, ან უბრალოდ ჩიკაგოს კონვენცია.

საერთაშორისო საჰაერო სამართლის ისტორიაში იყო გარკვეული პერიოდი, როდესაც სახელმწიფო გატაცებული იყო საკუთარი ეროვნული ფრენების სისტემის შექმნით. მალე გაირკვა, რომ ასეთი წესების მრავალფეროვნება იმგვარია, რომ საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტზე აღნიშნული წესებით ფრენა პრაქტიკულად შეუძლებელია. აი, ამიტომ დადგა დღის წესრიგში ფრენების ერთგვაროვანი წესების შექმნის აუცილებლობა მხოლოდ კოლექტიური ძალისხმევით საერთაშორისო ორგანიზაციის ჩარჩოებში. სწორედ ასეთი ამოცანა დაუსახა იკაოს ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციამ. მისი მიღება ასოცირდება მსოფლიო საზოგადოების მოთხოვნილებების დაკმაყოფილების სურვილთან, საჰაერო სივრცეში ადამიანთა და ტვირთის ნაკადების რეგულარული მოძრაობის ორგანიზებასთან და ამ მიზნისთვის ავტორიტეტული და გავლენიანი ორგანიზაციის შექმნასთან, რომელსაც ეწოდება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (იკაო).

სინამდვილეში, ჩიკაგოს კონვენცია არის უნიკალური დოკუმენტი მისი შინაარსისა და დებულებების წარმოდგენის სიცხადის თვალსაზრისით. შთამბეჭდავია კონვენციის იდეოლოგიური და თანმიმდევნური სემანტიკური შენარჩუნების ფაქტი, რომელიც დღესაც მიმდინარეობს. რასაკვირველია, ეს არ ითვალისწინებს მოგვიანებით მიღებულ არაერთ ძირეულ სამართლებრივ ცვლილებას, რომელიც უკავშირდება ახლად მიერთებულ სახელმწიფოებისა და იკაო–ს ოფიციალური სამუშაო ენების რაოდენობას.

ჩიკაგოს კონვენციის შექმნის ათვლის თარიღი დაიწყო, როდესაც მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე ექვსი თვეღა იყო დარჩენილი. გამარჯვების დღის ლოდინის გარეშე, სახელმწიფოებმა წამოიწყეს თავიანთი მცდელობები, რომლებიც ომის გამო იყო შეწყვეტილი, რათა შექმნან აერნაოსნობის საერთაშორისო სამართლებრივი რეგულირების სისტემა, და ამით „დაეხმარონ მეგობრობისა და ურთიერთგაგებს დამკვიდრებასა და შენარჩუნებას მსოფლიოს ქვეყნებსა და ხალხებს შორის”, როგორც მოგვიანებით იყო ნათქვამი ჩიკაგოს კონვენციის პრეამბულაში.

თვით კონვენციის შექმნა არ დაწყებულა ნულიდან და იურიდიული ვაკუუმის გარემოცვაში; ავიაციის, როგორც უაღრესად მოძრავი სატრანსპორტო საშუალების ეფექტურობა, სახელმწიფოებს შორის ეკონომიკური, საქმიანი და კულტურული კავშირების გასაძლიერებლად, უკვე განსაზღვრული იყო XX საუკუნის დასაწყისში.

გასული საუკუნის ოციანმა – ოცდაათიანმა წლებმა ჩვენს მეხსიერებაში დატოვა კვალი, როგორც სამგზავრო მოძრაობის აქტიური დაწყების ხანამ, ასევე, საჰაერო ხომალდების მშენებლობის სწრაფი განვითარებისა და ფრენების სპონტანური ზრდის სპექტრით, სიჩქარითა და ფრენათა ხანგრძლივობით გამორჩეულმა პერიოდმა. სამოქალაქო ავიაციის დარგის წარმომადგენლები თავიანთი ეპოქის გმირები იყვნენ. მსოფლიო საავიაციო სფეროში სტაბილურად იზრდებოდა კოორდინაციისა და მოქმედებების რეგულირების საჭიროება.

ომის დაწყებამდე მსოფლიო საავიაციო საზოგადოებაში შედგა არაერთი მნიშვნელოვანი რეგიონული ხელშეკრულება და შეიქმნა არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლებიც ექვემდებარებიან უწყვეტ ფუნქციონირებას.

მეორე მსოფლიო ომში სახელმწიფოების ჩართვისთანავე, მიღწეული ძირითადი საერთაშორისო ხელშეკრულებები დაიშალა და საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებმა შეწყვიტეს არსებობა, რის შედეგადაც მათ დატოვეს დოკუმენტები და დაგროვილი გამოცდილება.

1944 წლის დასაწყისში, ომის დამთავრების წინა დღეს, ანტიჰიტლერული კოალიციის სახელმწიფოებს შორის გაიმართა მოლაპარაკებათა სერია მშვიდობიანობისას მსოფლიო საჰაერო ტრანსპორტის განვითარების ერთობლივი სტრატეგიის შესახებ, რამაც გამოიწვია საერთო გადაწყვეტილების მიღება – უმოკლეს დროში აშშ-ში საერთაშორისო კონფერენციის ჩატარებისა.

ასეთივე კონფერენცია, საერთაშორისო საჰაერო სამართლის შესახებ, გაიხსნა ჩიკაგოში 1944 წლის 1-ელ ნოემბერს და ისტორიაში შევიდა, როგორც ჩიკაგოს კონფერენცია.

მომდევნო ხუთი კვირის განმავლობაში კონფერენციის მონაწილეთა ინტენსიური მუშაობა, მოსაზრებების მკვეთრი ჭიდილის კონტექსტში, 1944 წლის 7 დეკემბერს საზეიმო ხელმოწერით დასრულდა. აღნიშნული დოკუმენტი, თავისი სიღრმითა და სრულყოფილებით, დღესაც კი გაოცებას იწვევს თანამედროვე სპეციალისტებში.

თავისი შინაარსით, ჩიკაგოს კონვენცია არის საერთაშორისო საჰაერო სამართლის მთავარი წყარო და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მარეგულირებელი აქტი. კონვენციის დასახელება მოცემულია მის პრეამბულაში, სადაც ვკითხულობთ, რომ საერთაშორისო სამოქალაქო ავიაცია: „შეიძლება განვითარდეს უსაფრთხო და მოწესრიგებული წესით” და ა.შ. საერთაშორისო საჰაერო სერვისები ”შეიძლება შეიქმნას შესაძლო თანასწორობის საფუძველზე და განხორციელდეს რაციონალურად და ეკონომიურად“.

ეს მითითება განთავსებულია 22 თავსა და გადმოცემულია 96 მუხლში, რომლებიც თავის მხრივ გაერთიანებულია კონვენციის 4 ნაწილში. ამასთან, ყველა ხელმისაწვდომი მუხლი შეესაბამება ერთიან – უსაფრთხო, რეგულარულ, ეკონომიკურად მიზანშეწონილი ეფექტური განვითარების უზრუნველყოფის ზოგად პრინციპებს სამოქალაქო ავიაციისა. მიღებული პრინციპი ემყარება უამრავ კონცეპტუალურ საკვანძო დებულებას, რაც განმტკიცებულია კონვენციით და, უპირველეს ყოვლისა, საშუალებით საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის განვითარების შესაძლებლობებით; ამავდროულად ყოველი სახელმწიფო ფლობს სრულ და განსაკუთრებულ სუვერენიტეტს საკუთარ საჰაერო სივრცეზე.

მოცემული პოსტულატი ხორციელდება სახელმწიფოთა მიერ, საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით, რომლებიც იკაო–ს მიერ არის შემუშავებული და ეფუძნება მსოფლიოს საუკეთესო გამოცდილებას, აღნიშნული კი მოთავსებულია ჩიკაგოს კონვენციის 19 დანართში. უფრო მეტიც, ახალი და არსებული სტანდარტების შემუშავება არის მიმდინარე პროცესი, რომელიც დაკავშირებულია სტაბილურობასთან გლობალური საჰაერო სერვისების სწრაფი და მზარდი მომსახურება.

ამ პოსტულატთან ასოცირდება კონვენციის ძირითადი დებულება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (იკაო). კონვენცია ადგენს იკაო-ს მიზნებს და ამოცანებს, რომლებიც შეიცავს შემდეგ ძირითად მოსაზრებას: – „საერთაშორისო პრინციპების და მეთოდების შემუშავებაა საჰაერო ნავიგაციის არსი და საჰაერო ტრანსპორტის დაგეგმვისა და განვითარების ხელშეწყობის უმთავრესი ბერკეტი.“

იკაო–ს საქმიანობა, რომელიც პრაქტიკაში ახორციელებს ჩიკაგოს კონვენციის დებულებებს, მიზნად ისახავს სახელმწიფოების ინტერესების დაკმაყოფილებას, მიუხედავად მათი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური განვითარების დონისა. მწარმოებელი სახელმწიფოები ინარჩუნებენ თვითმფრინავების გაყიდვების სტაბილურობას და მომარაგების გაფართოებას ეროვნული ტექნიკური მოთხოვნების სრული დაცვით, იკაოს სტანდარტებთან შესაბამისობაში.

იკაო–ს უმთავრესი როლი, როგორც ერთადერთი აღიარებული ფორუმი საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის სფეროში, წარმოადგენს მნიშვნელოვან ასპექტს სტანდარტების შემუშავებისა და რეგულარულად განახლების კუთხით; ასევე, სახელმწიფოებს გაუწიოს დახმარება დეტალური ინსტრუქციების მომზადებაში და აღნიშნული მიზნებისათვის სახელმწიფოებს დაეხმაროს ტექნიკურად და ფინანსურად. ძირითადი დებულებები ასევე უნდა შეიცავდეს სახელმწიფოს მიერ იმ ვალდებულების შესრულებას, რომელიც ითვალისწინებს შემდეგს: „სამოქალაქო ავიაცია არ იქნას გამოყენებული, რაიმე მიზნებისათვის, რომლებიც შეუთავსებელია ამ კონვენციის მიზნებთან”.

ბოლო პერიოდის სამწუხარო მოვლენები, მხედველობაში გვაქვს 2014 წლის 17 ივლისის ტრაგიკული შემთხვევა – მალაიზიის თვითმფრინავი Boeing 777, რეისი МН17, უკრაინის თავზე, ამ ფაქტმა კიდევ უფრო გაამახვილა ყურადღება ამ პოსტულატზე, რომელიც გათვალისწინებულია კონვენციის მე-9 მუხლით.

მოცემული მუხლი განამტკიცებს სახელმწიფოს უფლებას სამხედრო მიზეზების გამო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით შეზღუდოს ან აკრძალოს სხვა სახელმწიფოს თვითმფრინავების ფრენები საკუთარი ტერიტორიის გარკვეულ ზონებზე.

ამ მიზნებისათვის, სხვა საკითხებთან ერთად, საჭიროდ მიიჩნევა სახელმძღვანელო მითითებების შემუშავება, რომელიც ითვალისწინებს იკაო-სთვის სპეციალური უფლებამოსილების მინიჭებას, რის საფუძველზეც მას შეუძლია დახმარების გაწევა სახელმწიფოებისთვის ყოველმხრივი, საფუძვლიანი და დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიებების ჩატარება საავიაციო შემთხვევებისა და შეიარაღებული კონფლიქტებისას საჰაერო ზონებში.

ამჟამად, ჩიკაგოს კონვენცია აქტიურად განაგრძობს ფუნქციონირებას და კვლავ რჩება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ეფექტურ დოკუმენტად. იკაო ატარებს თანმიმდევრულ პოლიტიკას ჩიკაგოს კონვენციის არსებული ფორმით შესანარჩუნებლად.

ცალკე წინადადებები ჩიკაგოს კონვენციის შინაარსის გადახედვის საჭიროებასთან დაკავშირებით, მისი დებულებების არქაული ხასიათის გამოვლენის ნიშნების არსებობის გამო, ვერ პოულობს მხარდაჭერას მსოფლიო საავიაციო საზოგადოებაში.

იკაო–ს ეგიდით, კონვენციის განვითარების პროცესში, შემუშავდა საერთაშორისო საჰაერო სამართლის ოცზე მეტი ძირითადი დოკუმენტი, რომელიც ეხება შემდეგ სფეროებს: საჰაერო ტრანსპორტში უკანონო ჩარევის აქტების წინააღმდეგ ბრძოლას; საჰაერო გადამყვან-გადამზიდავის მიერ პასუხისმგებლობათა რეგულირება ზიანის მიყენების შემთხვევაში მგზავრებისთვის, ბარგისა და ტვირთისთვის; მესაკუთრეთა, კრედიტორთა, მელიზინგეთა ძვირადღირებული საავიაციო ქონების დაცვა; არადისციპლინირებული მგზავრების ქცევის წესებს საჰაერო ხომალდზე.

ჩიკაგოს კონვენციის დებულებები ძირეულია საერთაშორისო აერსანაოსნო სატრანსპორტო სისტემის მდგრადი განვითარების მხარდაჭერის მიზნით, საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის სისტემის მზარდი მოთხოვნილებების ფონზე საზოგადოებისთვის საავიაციო მომსახურების უზრუნველყოფის კუთხით.

2018 წლის შედეგების მიხედვით, მსოფლიოში საჰაერო ტრანსპორტის მომსახურებით ისარგებლა 3.1 მილიარდმა მგზავრმა, ე.ი. დედამიწაზე არსებული შვიდი მილიარდი მოსახლეობის თითქმის 45%. ამ შემთხვევაში, ოთხი მგზავრი ათიდან, იყენებდნენ საჰაერო ტრანსპორტს, როგორც ტურისტი.

საქართველო და იკაო

დღეისათვის მსოფლიოს 193 ქვეყანაა ჩიკაგოს კონვენციის მონაწილე, მათ შორის 1993 წლიდან საქართველო. იკაო აღიარებულია, როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ერთ-ერთი ყველაზე წარმომადგენლობითი სპეციალიზებული დაწესებულება, რომელიც მეტწილად მოწმობს ჩიკაგოს კონვენციის სრულყოფილებასა და მის მნიშვნელობას მსოფლიოს სახელმწიფოებისთვის.

საქართველოს საავიაციო ხელისუფლება ითვალისწინებს საერთაშორისო საჰაერო სერვისების მარეგულირებელი წესების, პროცედურების, მარეგულირებელი ნორმების ჰარმონიზაციას, მათი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით.

საქართველო იყენებს იკაო–ს პოტენციალსა და შესაძლებლობებს ეროვნული სამოქალაქო ავიაციის განვითარებაში, ეროვნული საავიაციო კომუნიკაციების ინფრასტრუქტურის ფორმირებასა და საჰაერო კვალიფიციური პერსონალის უზრუნველყოფაში.

კონვენციის დებულებები საქართველოს სხვა წევრ სახელმწიფოებთან ერთად აკისრებს ვალდებულებებს ერთობლივად და კოორდინირებულად განავითარონ მსოფლიო საჰაერო გადაყვან-გადაზიდვები და საჰაერო მარშრუტები, საერთაშორისო აეროპორტის ქსელი, აერნაოსნობა და საჰაერო სივრცე, საჰაერო ხომალდების კონსტრუირება. ასევე, უზრუნველყონ საავიაციო პერსონალის მომზადება სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის განუხრელი დაცვით. ამასთანავე კონვენცია სახელმწიფო პასუხისმგებლობას აკისრებს უსაფრთხო სამოქალაქო ფრენების უზრუნველყოფას, რათა მიღწეულ იქნას წესების, სტანდარტების, პროცედურების ერთგვაროვნება, რაც თავის მხრივ განაპირობებს საავიაციო საჰაერო სერვისების განხორციელებასა და უზრუნველყოფას. მიუხედავად აღნიშნულისა, საქართველოში 1993 წლიდან ოკუპირებულ ტერიტორიის თავზე სახელმწიფო დროებით ვერ ახორციელებს სუვერენიტეტს საჰაერო სივრცის ამ ნაწილში და იკაო, როგორც დანარჩენი საერთაშორისო თანამეგობრობა აღიარებს განსაკუთრებულ და სრულ სუვერენიტეტს საკუთარ საჰაერო სივრცეზე.

სოხუმის ბაბუშარას აეროპორტის ფუნქციონირების შესახებ სეპარატისტულ მთავრობაში ყოველი საკურორტო სეზონის დადგომასთან ერთად დგება. ე.წ მთავრობის სხდომაზე ზაფხულში განიხილეს, მიიღეს ე.წ. დადგენილება, რომლის თანახმად, სოხუმის აეროპორტს რუსეთთან ერთობლივი ბაზირების აეროდრომის სტატუსი მიენიჭა, რაც მის ტერიტორიაზე სამოქალაქო და სახელმწიფო თვითმფრინავების განთავსებას ითვალისწინებს. აეროპორტს ასევე მიენიჭა რუსეთის ფედრაციის შესაბამისი კოდი, რომელსაც რუსეთის აერონავიგაციის საინფორმაციო კრებულში შეიტანენ, კერძოდ კი, როსტოვის საჰაერო ზონას. მსოფლიო ავიაკომპანიათა თვითმფრინავებს არ შეუძლიათ იფრინონ საკუთარი ფრენის წესებით – ეს სფერო წარმოადგენს სახელმწიფოთა განსაკუთრებულ კომპეტენციებს. ამ წესების დამორჩილება და ფრენისას მათი დაცვა ითვლება საერთაშორისო და ეროვნული საჰაერო სამართლის ძირითად მოთხოვნად. რასაკვირველია, ის ვერ მიიღებდა იკაოს საერთაშორისო კოდს რადგან შუამდგომლობის დაყენება არის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების პრეროგატივა.

საერთაშორისო სამოქალაქო ავიაცია, როგორც ყველაზე ეფექტური და გლობალური, სწრაფად განვითარებადი ეკონომიკის სექტორი – საერთაშორისო ტურიზმისა, აკმაყოფილებს მსოფლიო ტურისტული გადაყვანების ყოველწლიურ ზრდას 3,3%-ით. ასეთი ზრდის ტემპი შეესაბამება ტურისტული ტრეფიკის საშუალო წლიური მოცულობის მიღწევას 2021 წლისთვის, რაც შეესაბამება 1.6 მილიარდ ადამიანს. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2019 წლის ცხრა თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტები ჯამში 4 139 955 მგზავრს მოემსახურა. 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მგზავრთნაკადი 5.40%-ით (212 090 მგზავრით) არის გაზრდილი.

ასეთ პირობებში სამოქალაქო ავიაციის საქმიანობის საერთაშორისო სამართლებრივი რეგულირება ობიექტური აუცილებლობაა. მთელი 75 წლის განმავლობაში ჩიკაგოს კონვენცია ემსახურებოდა და კვლავაც აგრძელებს ხელშეწყობას ავიამომსახურებათა სისტემის, ასევე მშვიდობიანი მიზნებისთვის საავიაციო ტექნიკის შექმნის საქმეში, აერნაოსნობის გლობალური სისტემის დამკვიდრებასა და გაუმჯობესებისკენ მიმართულ ღონისძიებებში, რათა კიდევ უფრო სრულყოფილი გახდეს მსოფლიო აერნაოსნობის სისტემა.

დავით გეფერიძე

საერთაშორისო სამართლის დოქტორი, პროფესორი

წყარო : https://www.interpressnews.ge/ka/article/575919-samokalako-aviaciis-saertashoriso-organizacia-ikao-75-clisaa?fbclid=IwAR3MVj4v5EBhFVFtnTX8-I2gOnlIi5cxMOkkuuWNCCLaEBt3S0o2DgqTtsk

Share on facebook
Facebook
Share on google
Google+
Share on twitter
Twitter
Share on linkedin
LinkedIn
გადათარგმნა